ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დასადგენად ტესტების ჩამტარებელი სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დასადგენად საქართველოში ტესტების ჩამტარებელი სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი გაფართოვდება, რათა ტესტი საჭიროების მქონე ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე დადგინდება ტესტის ფასი, რასაც სახელმწიფო პროგრამა დაფარავს.

„ყურადღება გავამახვილეთ ზოგადად ტესტირებაზე, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტრირება, როგორ უნდა ჩაუტარდეს. დღეს უკვე ქვეყანაში გამოკვლეულია 1126 ნიმუში. ჩვენ თავიდან ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში თებერვლის დასაწყისში. ბოლო ორი კვირაა მოვახდინეთ მისი დეცენტრალიზაცია და დღეის რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისის და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და შევთანხმდით ექსპერტებთან ერთად რომ მოხდეს უფრო მეტად განვრცობა. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე და რომ ტესტირების საშუალება იქნება ეს სწრაფი თუ „ოქროს სტანდარტი“ ტესტირების, რომელსაც წარმოადგენს PCR ტექნოლოგია, ხელმისაწვდომი იყოს უფრო ფართოდ კლინიკებისთვის და მოსახლეობისთვის. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს ტესტების მარაგი, რომლითაც ვაწარმოებთ რთული მოლეკულური ტექნოლოგიებით კვლევას. არც ერთ შემთხვევაში ტესტზე უარი არ თქმულა იქ, სადაც საჭიროა და როდესაც ტესტირებისთვის მოთხოვნა ჯდება დღევანდელი შემთხვევის განსაზღვრის სტანდარტში, ეს ყველას უტარდება. გასაგებია, რომ მოსახლეობისგან მოთხოვნა მეტია და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ გარდა PCR ტექნოლოგიისა, ქვეყანას ჰქონდეს ახალი სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე, ასევე ანტისხეულზე დამყარებული. ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის რომ სწრაფად იქნეს ქვეყანაში რეგისტრირებული და შემოტანილი ეს ტესტები. ამ საკითხზე იქნა ასევე მიღწეული კონსენსუსი დღეს დამსწრე ექსპერტებთან, მათ შორის, რამდენიმე კერძო ლაბორატორიის წარმომადგენელთან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველმხრივ ხელს შეუწყობს მათ, რომ სწრაფი რეჟიმით მოხდეს მათი ქვეყანაში იმპორტირება, რომ ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ხაზს ვუსვამ, სამედიცინო ქსელში. რამეთუ ტესტის გაკეთება ბევრ ქვეყანაში ექვემდებარება ექიმის რეცეპტის გამოწერას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ტესტი უნდა ჩაუტარდეს მას, ვისაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რომ უნდა გაიტესტოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის ტესტების კომერციალიზაციის მომხრე არ არის.

ამასთან, გამყრელიძემ უპასუხა გიორგი ვაშაძის შეთავაზებას, რომელის თანახმადაც, ვაშაძე მზადაა სახელმწიფო სწრაფი ტესტების მიმწოდებლებთან დააკავშიროს. „დიდი მადლობა ბატონ გიორგის, ამ შემოთავაზებისთვის. მე მეგონა, შემოგვთავაზებდა, რომ ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა შემოგვწირა ტესტიც და ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება, რადგან ყოველდღიურად ჩემთან საშუალოდ 10 კომპანიიდან მაინც შემოდის შემოთავაზება ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს, გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად ტესტების შეძენას. ასევე მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ჩინეთთან, კორეასთან, რათა მათ გადმოგვცენ ეს ტესტები. გასულ კვირას ჩინეთმა სერიოზული აპარატურა გვაჩუქა დონაციის სახით PCR ტექნოლოგიების და მომავალ კვირას გადმოგვცემს 1000 ტესტს“, - განაცხადა გამყრელიძემ.