დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ კორონავირუსზე ტესტირების ფასი დადგინდეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება კერძო ლაბორატორიებმაც ჩაატარონ.
“საქართველოში სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა, 80% გახლავთ კერძო, მათ აქვთ ძალიან კარგი ლაბორატორიები, სადაც შეუძლიათ იქნება ეს PSR ტექნოლოგიაზე დამყარებული ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტირება თუ სხვა სწრაფი ტესტების ჩატარება და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან დავალება მიცემულია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ უნდა განისაზღვროს და დადგინდეს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, რადგან ეპიდემიების დროს ტესტირების კომერციალიზაცია არ ხდება და დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში. ამ დროს ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამიტომ განისაზღვრება ოპტიმალური ფასი სწრაფი ტესტის, ანტიგენზე დამყარებული, ანტისხეულზე დამყარებული, PSR-ის და შესაბამისად, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირებების ჩატარება და რა თქმა უნდა, ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა”, - განაცხადა გამყრელიძემ.