ტრამპი საუდისა და რუსეთის ნავთობის საფასო ომში ჩარევას აპირებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის ფასთან დაკავშირებულ დავაში ჩაერიოს, ნავთობის ფასის ოდნავ ზრდას შეუწყო ხელი.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა, ივნისამდე საკუთარი ნავთობის საგანგებო მარაგის 30 მილიონი ბარელით შევსება გადაწყვიტა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ფასების მკვეთრი ვარდნის გამო, აშშ-ის ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელი რეგიონის, შტატ ტექსასის ხელისუფლება, ნავთობის მოპოვების შემცირების მიზანშეწონილობას განიხილავდა.

ამ გარემოებებმა, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) 27.34 დოლარამდე გაძვირება გამოიწვია, თუმცა კორექციის შემდეგ, ფასი 26.34 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა. იმავდროულად, აპრილის ფიუჩერსული კონტრაქტებით, ფასი 25.65 დოლარამდე გაიზარდა. 28.75 დოლარამდე არის გაზრდილი ბარელი ბრენტის ფასი.

მაგრამ „CMC მარკეტსის“ ანალიტიკოსი მარგარეტ იანგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მთავარ ფაქტორად, მთელ მსოფლიოში, ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა რჩება. კორონავირუსის პანდემიის გამო, სულ უფრო მეტი ქვეყანა აჩერებს ეკონომიკურ ქმედებას და თავდაცვის რეჟიმში გადადის. შესაბამისად, ტრანსპორტზე და მასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნა მცირდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განცხადა, შეერთებოდა OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) გადაწყვეტილებას, რომელიც საუდის არაბეთის მიერ იყო ინიცირებული და ბაზარზე ყოველდღიური მიწოდების 1.5 მილიონი ბარელით შეკვეცას ითვალისწინებდა, საუდეთმა საკუთარი ნავთობის ფასი გამიზნულად დააგდო, რამაც მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ორ კვირაში ბრენტ და ამერიკული WTI-ს მარკები დაახლოებით 40 პროცენტით გაუფასურდა.

„უოლ სტრიტ ჟურნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია საუდის არაბეთთან დიპლომტიური არხების გამოყენებას აპირებს, რათა ბაზარზე მიწოდების შეზღუდვაზე დაიყოლიოს. იმავდროულად, თუ რუსეთი ბაზარზე მიწოდებას არ შეამცირებს, მის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება.