ვლადიმერ პუტინმა "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" შეთანხმების რატიფიცირების კანონს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" შეთანხმების რატიფიცირების კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტეგრაციის მხრივ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.

რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას 29 მაისს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ერთიანი საბაჟო, სავაჭრო და სატრანსპორტო სივრცის შექმნას ისახავას მიზნად.

ხელშეკრულების მიხედვით, "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" მონაწილე ქვეყნები საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფლად გადაადგილების გარანტიებს იღებენ. ასევე კავშირის მონაწილე ქვეყნები ვალდებული ხდებიან, რომ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებში შეთანხმებულად იმოქმედონ. "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" დოკუმენტი ძალაში 2015 წლის დასაწყისიდან შევა.