თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, რომლის დირექტორი პარლამენტის დეპუტატი, გუგული მაღრაძეა, კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემები აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით: შფოთვა, იზოლაციის შიში, ნევრვული აშლილობა და სხვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა „ფეისბუქ“ გვერდი. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასო კონსულტაცია მიიღონ ტელეფონის, ასევე Skype-ის საშუალებით.
„ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფში ჩართული არიან კვალიფიციური, სერთიფიცირებული, გამოცდილების მქონე ფსიქოლოგები, რომელთა დახმარებით მოქალაქეები მიიღებენ სასარგებლო, დამამშვიდებელ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას. ვფიქრობ, ასეთი რამ საჭიროა, რადგან ყველა ადამიანის ფსიქიკა არ არის იმდენად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ სტრესებს, რასაც იწვევს მსგავსი ვითარება. ამიტომ კვალიფიციური ფსიქოლოგები დაეხმარებიან ადამიანებს ამ სტრესების მართვასა და დაძლევაში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.