„ეს არის ძალიან ტენდენციური და უპასუხისმგებლო განცხადება მიკროსაფინანსოების მიმართ. ვის ინტერესში შედის, არ ვიცი“,- ასე პასუხობს მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია საქალაქო სასამართლოს განცხადებას. საუბარია, თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელის მიხედვითაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მიმართვიანობა გაზარდეს.
სასამართლოს ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სასამართლოში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს.
განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით - ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
ბესო შენგელია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ონლაინ სარჩელები არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არამედ სესხის ამომღებ კომპანიებს, ე.წ კოლექტორებს შეაქვთ. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, პრობლემური სესხების შესახებ სარჩელებს, სასამართლოები წარმოებაში უბრალოდ არ იღებდნენ.
„ეს არის ძალიან ტენდენციური და უპასუხისმგებლო განცხადება. ვის ინტერესში შედის, არ ვიცი. სინამდვილეში არის შემდეგი რამ, მოგეხსენებათ, რეგულაციები როგორც კი ამოქმედდა, 2019 წლის დასაწყისში, ამან ავტომატურად წარმოშვა საკმაოდ დიდი მოცულობის პრობლემური და ჩამოწერილი პორტფელი. განსაკუთრებით დიდი პრობლემები იყო რეგიონებში, მე თვითონ ვარ მომსწრე, რომ სასამართლოები წარმოებაში უბრალოდ არ იღებდნენ სარჩელებს. რატომ აკეთებდნენ ამას და ვისი დავალებით, ნამდვილად არ ვიცი. ფაქტია, სერიოზული პრობლემები გვქონდა ამასთან დაკავშირებით. იგივე პრობლემებია აღსრულებებთან და აუქციონების დანიშვნასთან დაკავშირებით. ისედაც ზარალზე გავიდა ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ამას კიდევ ეს თანხა დაემატა.
იქიდან გამომდინარე, რომ მისო-ები ვერ იღებდნენ საკუთარ თანხას, ეს გადასცეს ე.წ კოლექტორებს. ეს ორი კომპანია, რომელზეც საქალაქო სასამართლო საუბრობს არიან არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არამედ კოლექტორები, ანუ ის კომპანიები, ვინც მუშაობენ პრობლემური სესხის ამოღებაზე. ამათმა ისარგებლებლეს იმით, რომ ჯერ ერთი, დაგროვილი იყო სესხები, და მეორე, ონლაინ შეეძლოთ განცხადების შეატანა და მთელი ეს პორტფელი მიაწოდეს. სწორედ ამან გამოიწვია სასამართლოს განცხადება, მაგრამ თავის დროზე რომ მიეხედათ ამ სარჩელებისთვის, ეს პრობლემა არ დადგებოდა“,- აცხადებს ბესო შენგელია.