2020 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა - რომელ ადგილს იკავებს საქართველო

გაერო 2020 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს ასახელებს. კვლევას, რომელიც სულ 156 ქვეყანაში ჩატარდა, 6 ინდიკატორი ჰქონდა, რის მიხედვითაც ქვეყნის ბედნიერების ინდექსი დგინდება. ეს ინდიკატორებია: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-3 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში სკანდინავიის/ნორდიკული ქვეყნები ლიდერობენ.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია.

ბოლო 5 ადგილს კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რუანდა, ზიმბაბვე, სამხრეთ სუდანი და ავღანეთი იკავებენ.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყანას შორის საქართველო 117-ე ადგილზე მოხვდა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი -89-ე, თურქეთი -93-ე, ხოლო რუსეთი 73-ე ადგილზე იმყოფება.

ბექა ბერიაშვილი