ახალი კორონავირუსთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების შექმნა დაევალა. სპეციალური არეალების მოწყობის და მართვის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს ჩვენი მისია და დავალებაა, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემცირება. ეს პროცესი კომპლექსურია და ძალიან ბევრ უწყებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მუშაობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს სახელმწიფო უწყებები. ჩვენ ყველას სხვადასხვა დავალება გვაქვს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბუნებრივია ამ დავალების არეალიც ფართოვდება, მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მინიმუმამდე დაყვანა იმ შესაძლო ზარალის, რომელიც მსოფლიო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება მიიღოს“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა.
„ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის საამაყო, რადგან ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მთელ შემადგენლობას გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნათ ის მაქსიმალური კომფორტი, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ, როდესაც სავალდებულო საკარანტინო ზონაში ხვდებიან“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია 24 საათის განმავლობაში მობილიზებული აქვს ძალიან კომფორტული სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ მგზავრების გადაყვანას საკარანტინო ზონამდე.
„ ამ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ვალდებულები ვართ მგზავრები ერთი მეტრის რადიუსის დაშორებით ე.წ. ჭადრაკული წყობით განვათავსოთ . ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ადამიანები მგზავრობენ და სხვადასხვა საკარანტინო ზონა შეიძლება იყოს 15 წუთის ან 2 საათის დაშორებით, ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მათ ავტობუსებში ე.წ. „ლანჩბოქსებს“ ახვედრებს, ბუნებრივია შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩვენ ტრანსპორტს ვერ ვაჩერებთ.
„ეს არის კომპლექსური სერვისი. ჩვენ ვქირაობთ სასტუმროებს, უზრუნველოფთ სამჯერად კვებას. ამ ყველაფრის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 22 სასტუმრო ვიქირავეთ. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის პოლიციის რეკომენდაციით ინსპექტირებას ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მუშაობის რეჟიმში გადასვლა.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ეს პროექტი ,რომელზეც ახლა მიდის მუშაობა, პირველ რიგში ქვეყნის მოქალაქეებს ეხმარება, მეორე რიგში ტურიზმის სამომავლო განვითარებას.
„ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არეალზე წლებია პოზიციონირდება , როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულება, საქათველოს მთავრობამ გაატარა ძალიან სწორი პოლიტიკა ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის.
ჩვენ კერძო სექტორთან მუდმივად კავშირში ვართ, ვაკვირდებით საერთაშორისო მოვლენების განვითარებას და გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. წლების განმავლობაში ჩვენ კერძო სექტორთან ერთად არაერთი გამოწვევა ვნახეთ და მზად ვართ, მომდევნო თვეების განმვლობაში მწვავე დანაკლისები მივიღოთ, მაგრამ მთავრობის სწორი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებით, ჩვენ ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეს ადამიანები თავს როგორ გრძნობენ, რთულია 14 დღიან კარანტინში, ერთ ოთახში იყო, მაგრამ მოხარულები ვართ, რომ იმ უკუკავშირის შედეგად რაც გვაქვს, დღეს მოსახლეობა ხედავს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს
ჩვენ მზად ვართ, საკარანტინო ზონები მზადაა დამატებით მივიღოთ ხალხი, რომ როგორც მოსახლეობამ, ასევე სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.