კორონავირუსის გამო რითეილერები ონლაინ გაყიდვებზე გადადიან

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელ აპრილამდე აფთიაქებისა და სურსათის საცალო ვაჭრობის ობიექტების გარდა, ყველა მაღაზია წყვეტს ფუნქციონირებას. აღნიშნული ზომები კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პროცესთან საბრძოლველად კეთდება, რამაც რითეილერები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

იმის ფონზე, რომ ჩვეულებრივი მაღაზიების ნაწილი დროებით ვეღარ მოგვემსახურება, ელექტრონული კომერცია კიდევ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება. რეალურად, არსებობდა ვარაუდები იმის შესახებ, რომ გარკვეული წლების შემდეგ, კომპანია, რომელიც ელექტრონულ გაყიდვებში არ ჩაერთვებოდა, სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა. ასეთი დრო კი მგონი ნავარაუდევზე ადრე, თუმცა დადგა.

ელექტრონული კომერცია სწორედ ისაა, რაც ამ რთულ პერიოდში „მოძრაობისთვის“, ცხოვრების ასე თუ ისე ჩვეული ტემპის გაგრძელებისთვის და უბრალოდ, მშვიდად ყოფნისთვის გვჭირდება, რადგან ვიცით, რომ თუ რამეს მოვინდომებთ, მარტივად გამოვიწერთ ან გამოვიძახებთ და სახლში მოგვიტანენ.

კომერციის ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. შესაბამისად, ამჟამად შექმნილ მდგომარეობასაც ადვილად ავუღეთ ალღო როგორც მომხმარებლებმა, ისე ბიზნეს სექტორმა.

ამასთან, ელექტრონული კომერციის პოპულარულმა ვებ-გვერდებმა დაიწყეს სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა, რათა პროდუქცია მათ ონლაინ-სივრცეში განთავსდეს. მაგალითად, „პალიტრა მედიის“ ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებმა Allwine.ge, Readersland.ge, EBG.ge, Hotsale.ge და Aptiaqi.ge უკვე დაიწყეს სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის განთავსება.

დღეიდან, Allwine.ge-ზე „ვისკის სახლის“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი და ეს არ იქნება ერთადერთი კომპანია, რომელთანაც ვებ-გვერდი ითანამშრომლებს.

„ალკორითეილ გრუპის“ ბიზნესის განვითარების დირექტორის, რეზო ფერაძის ვარაუდით, ელექტრონული კომერციის ვებგვერდების მომხმარებელთა რაოდენობა გაათმაგდება.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად დავიწყეთ Allwine.ge-სთან თანამშრომლობა. კომუნიკაციიდან 2 დღეში მოეწყო ელექტრონული კომერციის სივრცე, რაც ძალიან კარგია და შეკვეთების მიღების დაწყება უკვე შეგვიძლია.

კარგია, ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული კომერციისა და მიტანის სერვისი განვითარებული რომ არის და მე მგონია, რომ ახლა არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდებით“, - აღნიშნა მან.

Allwine.ge-ზე არამხოლოდ „ალკორითეილ გრუპის“, არამედ სხვა კომპანიების პროდუქციაც იქნება წარმოდგენილი. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მზად არიან ნებისმიერ ბიზნესთან თანამშრომლობისთვის, რათა კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ მათ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს.