პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ შექმნილ ვითარებაში მორატორიუმს იცავს მთავრობის კრიტიკაზე, თუმცა, ყურადღებით აკვირდება მის ყოველ მოქმედებას და ელოდება ქმედით ანტიკრიზისულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც მიქაუტაძე განმარტავს, კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის მასშტაბები გასცდა ერთ კონკრეტულ სექტორს და ის გავლენას მთელს ეკონომიკაზე მოახდენს.
„სახელმწიფო ბიუჯეტის ვერც ხარჯვითი და ვერც საშემოსავლო ნაწილი ვერ შენარჩუნდება ისეთი სახით, როგორიც ის დაამტკიცა პარლამენტმა გასული წლის ბოლოს. ამიტომ უახლოეს მომავალში მთავრობამ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის მოდიფიცირებული, კრიზისული სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც უნდა იყოს გათვალისწინებული რამდენიმე ასპექტი:
1.სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, განსაკუთრებით, ბიუროკრატიის ნაწილში გარდაუვალია. მთავრობამ უნდა გვითხრას, რამდენის ეკონომიას აპირებს და რომელ მუხლებში. პრემია-დანამატების გაცემა უნდა აიკრძალოს ყველა ტიპის სახელმწიფო უწყებაში თუ კომპანიაში, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ასევე, უნდა გადაიდოს ისეთი ტიპის შესყიდვები, რომლებიც არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. ამავე დროს, არ უნდა შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც საერთო მოთხოვნის სტიმულირების მნიშვნელოვანი ბერკეტი.
2.ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება უნდა გაიზარდოს და მან უნდა უპასუხოს არსებულ გამოწვევებს. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია და ეს უნდა განვახორციელოთ ხარისხის გაზრდის ხარჯზე. დაფინანსების ზრდის შედეგი უნდა იყოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რასაც ექნება არამხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ხარისხიანი ჯანდაცვის ქვეყნად ჩამოყალიბებას.
3.კრიზისული სოციალური პაკეტები უნდა შემუშავდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. არაორდინალური სიტუაცია არაორდინალურ ნაბიჯებს მოითხოვს. სამსახურის გარეშე შეიძლება დარჩეს ათიათასობით თანამოქალაქე. ამიტომ, საციცოცხლოდ აუცილებელია დროებითი, კრიზისული სოციალური პროგრამების შემოღება ყველაზე დაუცველი ოჯახებისთვის. იგულისხმება სხვადასხვა სახის ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, კომუნალური თუ სასურსათო ვაუჩერები.
გვესმის, რომ საგადასახადო შემოსავლები, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს დაგეგმილ მაჩვენებლებს, ამიტომ მთავრობის ეფექტიანობა ახლა გაიზომება იმით, თუ რა თანხების მობილიზებას მოახდენს ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შემდგომ, როგორ განკარგავს მას“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა.
მიქაუტაძე ასევე გამოეხმაურა გუშინ ტელევიზიებისთვის ინკასოს დადების ფაქტს და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი „ლელოს“ მიერ უკვე შეფასდა, როგორ ანტისახელმწიფოებრივი. „მოვუწოდებ მთავრობას, ამ კრიზისულ სიტუაციაში, გვერდით დაუდგეს ბიზნესს და გამოაცხადოს საგადასახდო ამინისტია, განსაკუთრებით კი, ტელევიზიებისა და საერთო მაუწყებლების მიმართ, რომლებიც ასევე მიიღებენ დარტყმას კრიზისის შედეგად“, - განაცხადა მიქაუტაძემ.