„არაფორმალურ წრეებში აქტიურად განიხილება, რომ მოთამაშეები, რომლებიც მსხვილ ნავთობკომპანიებს პრობლემას უქმნიან, ბაზრიდან ნელ-ნელა განდევნონ“. ამის შესახებ, "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„არის პერიოდი, როცა ნავთობის იმპორტიორი/დისტრიბუტორი კომპანიები საკმაოდ მნიშვნელოვან ზარალზე მიდიან, თუ, მაგალითად, პლატცის ფასი დავარდა, იმ დროს როცა კომპანიებს ეს ნავთობი ძვირად აქვთ ნაყიდი, ისინი წაგებაში რჩებიან, მაშინ როცა საპირისპიროდ მდგომარეობის პირობებში ისინი სარგებლობენ და ცდილობენ ზარალის მიღების პერიოდი დააკომპენსირონ. ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ჯანსაღი კონკურენციაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კარტელური გარიგებების საფრთხე ავირიდოთ თავიდან.
ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ მსგავსი ფაქტები არ იყო. ქვეყანაში ძალიან ბევრი კომპანია გამოჩნდა, რომელიც შეფერხების გარეშე ახდენდა ნავთობპროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას. შესაბამისად, ბევრი წვრილი კომპანია იყო, რომელიც არეგულირებდა ამ ფასების საკითხს, ეს კი, ბაზრის ჯანსაღი კონკურენციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა, განსაკუთრებით არაფორმალურ წრეებში, როგორც ჩვევია დღევანდელ ხელისუფლებას, აქტიურად განიხილება, რომ ასეთი მოთამაშეები, რომლებიც პრობლემას უქმნიან მსხვილ ნავთობკომპანიებს, ბაზრიდან ნელ-ნელა განდევნონ, რათა შემდეგ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა - „ბაზარი დაიჭირონ“,“-განაცხადა ურუშაძემ.