შემოსავლების სამსახური განმარტებას აკეთებს მათთვის, ვისაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საქმიანობა შეჩერებული აქვთ

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურ განმარტებას აკეთებს გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, პირს ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება.

მიმდინარე წლის, 16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მომართა 600-მდე გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ განხორციელდება, ხოლო საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე, შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას.

ამასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები და კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისათვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი.

საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია ელექტრონული განცხადების ფორმა და შევსების წესი. გთხოვთ,იხილოთ შემდეგი ბმულები:

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721;

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10806

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge ან ისარგებლოთ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით - 2 299 299”, - ნათქვამია ინფორმაციაში.