რა ვადით გაიცემა სესხები 15 აპრილიდან - რეგულაციები შერბილდა

ეროვნულმა ბანკმა "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა.

სებ-ის ინფორმაციით, ცვლილებები გაამარტივებს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღებას, შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შემატებს.

მათივე ცნობით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება: სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე, ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს.

ცვლილებების მიხედვით, მათ შორის ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება. უფრო კონკრეტულად როგორი იქნება ცვლილების შემდეგ, სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა:

  • ლარით გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში ან/და თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია – არაუმეტეს 20 წელი;
  • უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 15 წელი;
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში – არაუმეტეს 10 წელი;
  • სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში, გარდა სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისა –არაუმეტეს 6 წელი;
  • სხვა დანარჩენი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში – არაუმეტეს 4 წელი.

ცნობისთვის, "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში ცვლილებები სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის 2020 წლის 15 აპრილიდან შედის ძალაში.

თაია არდოტელი