„მარკეტებში სპეციალური ზომები დაწესდება, რაც დაავალდებულებს მარკეტის მფლობელებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს“. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„უნდა ვნახოთ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის, 1-2 მეტრამდე დისტანციის დაცვის შემთხვევაში. ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.