გიორგი გახარია განმარტავს, რის საშუალებას აძლევს მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რის საშუალებას აძლევს მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადება.

“საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად”, - განაცხადა გახარია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.