რატომ გაუფასურდა ქართული ლარი

რამდენად სტაბილურია ვალუტა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელფასებსა და პენსიებს იღებს

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართული ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით დაეცა: მიმდინარე წლის ზაფხულში ლარის შეფარდება ერთ ამერიკულ დოლართან 1,72-1,73 ნიშნულს არ ასცილებია, დღევანდელი ანუ 4 ოქტომბრის მონაცემებით კი, კურსი 1,7567-ს გაუტოლდა. ამავე დროს, აშშ-ის დოლართან მიმართებით თითქმის ყველა ძირითადი ვალუტა გაუფასურდა: დაიკლო იაპონური იენის, ფუნტ სტერლინგის, ევროსა და მსოფლიოს სხვა მთავარი ვალუტების ფასმაც. ბუნებრივია, მოსახლეობას აინტერესებს, რა ელის ქართულ ლარს და რამდენად სტაბილურია ვალუტა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელფასებსა და პენსიებს იღებს.

ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე, ლარის კურსის დაცემას ამერიკული დოლარის გამყარებით ხსნის:  ”პროცესმა, რომელსაც ყველა ვხედავთ და ვაკვირდებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დოლარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ვალუტაა. ამიტომ, მე ხშირად ვამბობ, რომ თუ დანაზოგი გაქვთ, მისი შენახვა მაინც დოლარში ჯობია. მიუხედავად არაერთი ეჭვისა და კითხვის ნიშნისა, დოლარი მაინც ყველაზე მყარი და სტაბილური ვალუტაა. ლარის კურსიც იმიტომ შეიცვალა, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა. დოლარის გამყარების ტენდენცია აშკარაა ევროსთან, იენთან და სხვა ვალუტებთანაც. ეს ყოველივე კი, ამერიკაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით არის განპირობებული. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ამ პროცესთან პირდაპირ კორელაციაშია და შესაბამისად დოლართან მიმართებაში ლარიც გაუფასურდა.

ახლა რაც შეეხება ლარის სტაბილურობის თემას: ეს მეტნაკლებად სტაბილური ვალუტაა და მის სტაბილურობას პირველ რიგში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრავს. რისკები მონეტარული თვალსაზრისით თითქოს არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელმაც შეიძლება ძალზე უარყოფითი როლი შეასრულოს. არსებობს რისკი, რომ განმეორდება ის, რაც 2013 წლის ბოლოს მოხდა. ახლა მთავარია, არასწორმა და არათანმიმდევრულმა ხარჯვითმა პოლიტიკამ არ გამოიწვიოს პრობლემები ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში, რასაც მიმოქცევაში ჭარბი ფულის გამოშვება მოჰყვება. ჭარბი ფულის გამოშვება კი, გვინდა თუ არა, პირდაპირ აისახება ლარის გაცვლით კურსზე. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკის გამო 2-3 თვეში ლარის დევალვაციის პროცესი განვითარდეს. დევალვაციის პროცესს კი თავისთავად მოსდევს ინფლაციური პროცესებიც”.

ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის გარღვევის რისკი საკმაოდ მაღალია: ”ყველაზე დიდ საშიშროებას საბიუჯეტო პროცესის არათანმიმდევრულობა ქმნის. ამიტომ, 2013 წლის მსგავსად, ჩვენ წელსაც ვდგავართ სერიოზული რისკის წინაშე, რომ ბიუჯეტი გაირღვეს. ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენად სრულყოფილად მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა პროგრამების დაფინანსება. მე არ ვიტყოდი, რომ ეს კატასტროფული რისკია, მაგრამ იკვეთება საფრთხე იმისა, რომ ლარის კურსის დასაჭერად წელსაც ქვეყნის სავალუტო რეზერვების ხარჯვა მოგვიწიოს - ეს ყველაფერი კი ნეგატიურად აისახება მაკროეკონომიკურ პროცესებზე. ლარის კურსის ცვალებადობაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ცვლილებები ახასიათებს ნებისმიერი ქვეყნის ვალუტას, მით უმეტეს, რომ საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა და სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შეუძლებელია მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსი იცვლებოდეს და ეს ჩვენს ეკონომიკაზე არ აისახოს. ამიტომ, აქ საგანგაშო არაფერია, საგანგაშოა ის, რაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა საბიუჯეტო პოლიტიკამ და ბიუჯეტის გარღვევის რისკმა.

”ხდება ის, რაც მცურავი კურსისათვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა”- აღნიშნა Bpn.ge-სთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე: ლარის კურსს განსაზღვრავს, ერთის მხრივ, უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში და მეორეს მხრივ - მისი გადინება. საქართველოში უცხოური ვალუტის სერიოზული წყაროა ტურიზმი, ექსპორტი, ინვესტიციებითა და კრედიტებით შემოსული თანხა და გზავნილები, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები აგზავნიან. ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული, რომ ლარს რაიმე შეეხოს, არ შეინიშნება. მე ვერ გეტყვით რა მდგომარეობა იქნება რამდენიმე თვეში, მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ლარი საგრძნობლად გაუფასურდეს.

ზაფხულში ლარი მართლაც გამყარდა, მაგრამ ეს ტურისტების სიმრავლემ გამოიწვია. ტურისტების წყალობით ლარზე მოთხოვნილება იზრდება და ლარიც ძვირდება, შემოდგომაზე კი, ნელ-ნელა იაფდება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ეროვნული ბანკის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ მკვეთრი ვარდნა არ მოხდეს და კურსი ნელ-ნელა დაეცეს, ან პირიქით -ნელ-ნელა აიწიოს.

სხვათა შორის, აბსოლუტურად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შარშან ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებამ გამოიწვია ფულის დიდი მასის გამოშვება, რასაც ლარის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. სასურველია, წელს ასეთი რამ არ მოხდეს, თუმცა, ცენტრალურ ბანკს აქვს უცხოური ვალუტის მარაგი და თუ საჭირო გახდება, გაყიდის ამ ვალუტას და სიტუაციას დააბალანსებს. მთავარია, ბალანსის შენარჩუნება მოვახერხოთ და მკვეთრი ნახტომები არ იყოს, თორემ მცირედი ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია. ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი ცდილობს, ლარის მცურავი კურსი შეინარჩუნოს. აქვე უნდა გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მოგვარდება და ამ ქვეყნებიდან გზავნილების რაოდენობა მოიმატებს, მაშინ ლარი გაძლიერდება, მაგრამ თუ გზავნილების მოცულობა შემცირდება, მაშინ შეიძლება კურსი კიდევ უფრო დაეცეს, თუმცა, ამ ეტაპზე ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ლარის მკვეთრი გაუფასურებისათვის საფუძველი არ ჩანს.

ხათუნა ჩიგოგიძე