თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 190  ადამიანია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.