„ბოინგმა“ შესაძლოა, წარმოება გააჩეროს

„როიტერსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონკურენტი „ეარბასის“ მსგავსად, „ბოინგი“ დიდი, ორგასასვლელიანი თვითმფრინავების წარმოების დროებით გაჩერებას აპირებს. ამერიკულ კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის და რა დროით შეაჩეროს წარმოება. ამ ეტაპზე, ეპიდემიის გავრცელების პროგნოზის და მომარაგების ჯაჭვის ქმედუნარიანობის განხილვა მიმდინარეობს.

კორონავირუსის ეპიდემია შეერთებულ შტატებსაც მოედო და სწრაფად ვრცელდება. ეს ძლიერ ვნებს ბიზნესს, რომელიც საზღვარგარეთ ეპიდემიის გავრცელებამ ისედაც აზარალა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ, მკვეთრად შეკვეცა საჰაერო მიმოსვლა. ამის გამო, ავიაგადამყვანებს, მათ ხელთ არსებული ლაინერების მოცდენა უწევთ. შედეგად, ახალ ლაინერებზე მოთხოვნა კლებულობს.

მართალია, ავიამწარმოებლები შეკვეთებს წლების განმავლობაში ასრულებენ და მიმდინარე წარმოებამ, კარგა ხნით ადრე მიღებული შეკვეთა უნდა დააკმაყოფილოს, მაგრამ ავიაგადამყვანების ინტერესში არ შედის იმ თვითმფრინავების მიღება, რომლებსაც გაურკვეველი დროით, მიწაზე დგომა მოუწევს.

ცნობისათვის, „ბოინგის“ სიეტლის ერთ ქარხანაში, სადაც 70 000 ადამიანი მუშაობს, კორონავირუსის 14 შემთხვევაა დადასტურებული. იმავე ქალაქის მეორე ქარხანაში, არაერთი თანამშრომელი კარანტინშია მოთავსებული. საშიშროების გამო, თანამშრომელთა ნაწილი უკმაყოფილებას არ მალავს და „გარდაუვალი საფრთხის“ გამო, მუშაობას აჩერებს.

მაგალითად, ლაინერ 777-ზე მომუშავე ერთ-ერთ თანამშრომელს, ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც, ის შინ გაუშვეს. მაგრამ შექმნილი საფრთხის გამო, ამავე ლაინერის აწყობაზე მომუშავე მომდევნო ცვლამ, მუშაობის დაწყებაზე უარი გამოაცხადა, რადგან მათ ჩათვალეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები სათანადოდ არ შესრულებულა.