გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს.
„ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნო.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.
ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია.