საფრანგეთი მზადაა, კორონავირუსის ეპიდემიის უარყოფითი ეფექტებისგან, საკუთარი დიდი კომპანიების დასაცავად, განსაკუთრებულ ზომას - ნაციონალიზაციას მიმართოს.
ქვეყნის მთავრობა ამჟამად ამუშავებს გეგმას, რომელიც ეკონომიკის გადასარჩენად, მილიარდობით ევროს დახარჯვას ითვალისწინებს. ამ გეგმაში კი, ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ დიდი კომპანიებია, რომლებზეც ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული.
„არც ვიყოყმანებ და ჩემს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებ. ეს იქნება კაპიტალიზაცია, აქციების შესყიდვა, მე ტერმინ ნაციონალიზაციასაც გამოვიყენებდი, თუ ამის საჭიროება იქნება“, - ამბობს ლე მერი.
ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ფილოსოფიას, რომელიც ეკონომიკაში ხელისუფლების როლის მინიმიზაციას ემხრობა. მაგრამ 2017 წელს, როდესაც მაკრონი პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ საფრანგეთს და მთელს მსოფლიოს, ისეთი ძლიერი მტერი გამოუჩნდებოდა, როგორიც პანდემიაა.
ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, საფრანგეთის ეკონომიკა გაჩერების პირასაა, ბიზნესი უმძიმეს დღეშია. და ამის გამოსწორება, მხოლოდ უკიდურესი ზომების მიღებით არის შესაძლებელი. ასეთი ზომა კი ნაციონალიზაციაა. რა თქმა უნდა, შეჩერებულია მაკრონის რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა.
ევროკავშირი დიდი რეცესიის მოლოდინშია, სატელევიზიო გამოსვლისას, მაკრონმა შექმნილი სიტუაცია შეაფასა, როგორც ომი. საფრანგეთის საფონდო ინდექსი CAC40 წლის დასაწყისიდან 37 პროცენტით არის დაცემული. და რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, რადიკალური ქმედებაა აუცილებელი.
განვითარებული ქვეყნები ეკონომიკის გადასარჩენად, ფინანსურ რესურსებს არ იშურებენ. ლე მერი ამბობს, რომ მზადების პროცესშია საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც კომპანიების და მათი თანამშრომლების მხარდასაჭერად, 45 მილიარდი ევროს დახარჯვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კომპანიებისთვის 300 მილიარდი ევროს სასესხო გარანტიების გაცემა იგეგმება. ამ ყველაფრის გამო, საფრანგეთის ვალი, ეკონომიკის 100 პროცენტს მიაღწევს.
წინასწარი გათვლებით, ეკონომიკა 1 პროცენტით დასუსტდება. მაგრამ თუ ეპიდემია დიდხანს გაგრძელდა, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება. ლე მეტი ვარაუდობს, რომ ეპიდემიით გამოწვეული ფინანსური და ეკონომიკური ომი დიდხანს გაგრძელდება. „მასთან გამკლავებას, მთელი ერის კონსოლიდაცია დასჭირდება“, - დასძენს ლე მერი. უფრო მეტიც, მისი თქმით, ამისთვის სხვა ქვეყნებთან ერთად, კოორდინირებული მოქმედება იქნება საჭირო.