2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 197,162 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი იყო 65,015 მლნ დოლარი, იმპორტი კი - 132,145 მლნ დოლარი. გასული 2 თვის განმავლობაში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ჩინეთთან 67,130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 34%-ია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩინეთში ექსპორტი 208,6%-ით გაიზარდა და 65,015 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წლის იანვარ-თებერვალი - 21,069 მლნ დოლარი). იმპორტი კი გასული 2 თვის განმავლობაში 7%-ით შემცირდა და 132,145 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 142,018 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების გამო 2020 წლის იანვრის ბოლოს საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა შეეხო დეკორატიული კუს და დეკორატიული თევზების იმპორტს.