მარნეულში და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდნენ მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს.
„დღეიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა-გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენდების, საკვების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის მიხედვით შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მცხოვრებლებს მივცეთ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების საშუალება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს,“ - განაცხადა გახარიამ.
კარანტინი ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.
ცნობისთვის, მარნეულში ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, მას 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტიდან, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.