ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და განხორციელდება კომპანიების ექსპროპრიაცია სახელმწიფოს ინტერესებში დროებით, რა თქმა უნდა, რათა სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან“, - განაცხადა პრემიერმა.