საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანია „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რომ, რაც შეიძლება მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ორგანიზებულად გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
გახარიას თქმით, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა და კომპანიები უნდა მოქმედებდნენ ამ მდგომარეობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევებში, მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის სანქციებს გამოიყენებენ.
„მე ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად, ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომლებსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიერებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით რა თქმა უნდა იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.