სატელეფონო ჯიხური, სადაც მობილურს დამუხტავთ

ლონდონში სატელეფონო ჯიხურებს ახალი დანიშნულება მოუძებნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს. მისივე ცნობით, ჯიხურებში დაამონტაჟებენ მოწყობილობებს, რომლის მეშვეობითაც მობილური ტელეფონების დამუხტვა მზის ენერგიით იქნება შესაძლებელი.

პირველ ექვს ჯიხურს ლონდონის ცენტრში, ტოტენჰემ-ქორტ-როუდზე დაამონტაჟებენ. სერვისით სარგებლობა უფასო იქნება, მაგრამ სანამ ტელეფონი დაიმუხტება, მომხმარებლებს რეკლამის ყურება მოუწევთ.

პროექტისთვის ჯიხურები სპეციალურად შეღებეს მწვანედ და სახურავზე 85 სანტიმერიანი მზის პანელი დაამონტაჟეს. შიგნით რამდენიმე სახის სატენი საშუალება იქნება, რომლებიც ყველა ფირმის ტელეფონებისთვისაა განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ სერვისი ხელმისაწვდომი მხოლოდ დღის საათებში იქნება, საღამოს კი ჯიხურები დაიხურება. Solarbox დღეში, დაახლოებით, 100 ტელეფონის დამუხტვას შეძლებს.

პროექტის ავტორები გეოგრაფიის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტები ჰაროლდ კრასტონი და სირსტი მენი არიან.