საფერავისთვის დამზადებული ბოკალის პრეზენტაცია გაიმართა

4 ოქტომბერი ქართული ღვინის დღეა.

ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს სპეციალურად საფერავისთვის დამზადებული ბოკალის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სომელიეთა ასოციაციისა და მსოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

როგორც პრეზენტაციაზე სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა განაცხადა, საფერავის დასაგემოვნებლად ბოკალი ექსკლუზიურად ავსტრიულმა კომპანია "რიდელმა" შექმნა. მისივე თქმით, ამ მიზნით "რიდელის" კომპანიასთან სომელიეთა ასოციაციამ კონტრაქტი გააფორმა. 2014 წლის ივნისში ავსტრიული კომპანიის მეათე თაობის წარმომადგენელი გეორგ რიდელი თბილისში ჩამოვიდა. საქართველოში ჩატარებული დეგუსტაციების მიხედვით, რიდელმა მათ ჭიქის რამდენიმე ვერსია შესთავაზა და საბოლოოდ ქართული ღვინის სპეციალისტებთან ერთად საფერავის ექსკლუზიური ბოკალი დამტკიცდა.

შალვა ხეცურიანის თქმით, ღვინის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია "რიდელი" მსოფლიოში წამყვანი ბრენდია, მას სამასწლიანი ისტორია აქვს და ამ ბოკალის შექმნით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს ოცამდე წამყვანი ჯიშის ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში.