ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა „ჯორჯიან ეარვეისის" მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს. მინისტრის თქმით, ჩარტერულ რეისებზე „ჯორჯიან ეარვეისს" გასაყიდი ბილეთის ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდება და ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაიყიდოს.
„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება. ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, ყველა კომპანია კანონითაც და პატრიოტული მოწოდებითაც კი ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან. მათ შორის ავიაკომპანიებიც. კვირაში ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს, მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ მისაღები ფასები უნდა იყოს ბილეთებზე. ჩვენ ამ ფასების მაქსიმალურ ზღვარს ვაწესებთ. ასევე გაფრთხილებულია, რომ თანამემულეების ჩამოყვანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაცვით უნდა მოხდეს. ავიაკომპანიისგან მიღებული გვაქვს დასტური, რომ ამას ყველაფერს დაემორჩილებიან, იმიტომ რომ ესაა მოცემულობა", - აღნიშნა თურნავამ მთავრობის მხრიდან ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხის კომენტირებისას.