პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მარნეულსა და ბოლნისში დაძაბულობა არ შეინიშნება და მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებით ადგილზე არსებულ ვითარებას გაგებით შეხვდა, თუმცა მისი თქმით, „მცირე გაუგებრობაც იყო“.
როგორც სუბარი განმარტავს, ადგილზე სამუშაო შტაბია შექმნილი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები მუშაობენ.
„ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი. ბუნებრივია, პირველი დღეა და ამიტომ, გაუგებრობები ბევრია მოსახლეობაშიც, თუმცა მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობა ძალიან გაგებით შეხვდა ამ ვითარებას. კარგად იციან, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის არის. სიტუაცია ყოველგვარი დაძაბულობის გარეშეა. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, როდესაც სხვა მუნიციპალიტეტებიდან არიან და შემთხვევით იქ მოხვდნენ, გამოყვანას ითხოვენ. ბუნებრივია, მათ ვეუბნებით, რომ 2 კვირით კარანტინში ყოფნა მოუწევთ და ტერიტორიას ვერ დატოვებენ. მუშაობს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრაქსტრუქტურა, როგორიც არის მაგალითად, საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები, ექიმები და ავადმყოფები. ისინი დაუბრკოლებლად შედიან და გამოდიან, თუმცა ბუნებრივია, ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც ჯანდაცვის სპეციალისტებისგან გაიცა.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მოქალაქეებს ხელი არ შეეშალოთ, პირიქით, ხელშეწყობა ჰქონდეთ, ოღონდ დაცული უნდა იყოს ის პირობა, რომ როცა ადამიანი სამუშაოდ მიდის, მანქანაში არ უნდა იყოს ორ ადამიანზე მეტი, დისტანცია დაცული უნდა იყოს და ა.შ.
გარკვეულ ობიექტებზე მცირე პრობლემა შეიქმნა, მაგალითად, დილით ბენზინგასამართ სადგურებზე, მაგრამ ამ დროისთვის ეს პრობლემაც გვარდება, რადგან მისი მუშაობა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები ორი ტიპის. ერთი, რომელშიც შედიან ექიმები, რომლებიც ყველა ცხელ წერტილზე მივლენ და ადგილზე შეამოწმებენ ადამიანებს, ტემპერატურა აქვს თუ არა, ასევე სხვა რაიმე სიმპტომი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული. ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში, სწრაფი ტესტები ჩატარდება და საჭიროების შემთხვევაში, ღრმა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში“, - აცხადებს სუბარი.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეთნიკური უმცირესობა შექმნილი ვითარების თაობაზე სწორად ინფორმირებული იყოს.
„მთელი ამ დღეების განმავლობაში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული ზომების მიღება დაიწყო, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე არაერთი ღონისძიება გატარდა, ადგილობრივი რადიოების, ტელევიზიების მეშვეობით მუდმივად ხდებოდა განმარტება, გარკვეული ინფორმაციის ბეჭდური სახით დარიგება, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ხშირად, ბევრი მათგანი უყურებს არა ტელევიზიებს, რომლებიც აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე მაუწყებლობენ, არამედ მეზობელი ქვეყნების საინფორმაციოებს, სადაც ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული ინფორმაცია გადის. ამიტომაც, ზოგჯერ დაჯერების თემაც არის, რომელს უფრო მეტად უჯერებენ. თუმცა, ამ წუთისთვის ვითარება, რა თქმა უნდა, შეცვლილია. ყველა მოქალაქეს აქვს ინფორმაცია და ეს ინფორმირება მუდმივად ხდება“,-განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, ორ მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარნეულის მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ის წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც ორი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების გარდა, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.