4-დან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 23 მარტიდან ახალ პროგრამას „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ განახორციელებს.
კერძოდ კი, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.
„პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განაცხადის შესავსებად და დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: https://bit.ly/2UaQD3I