პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცებას მოითხოვს, ხოლო პარლამენტი სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.
„რადგან საგანგებო მდგომარეობაა და მთავრობა სავარაუდოდ, საგანგებო ბიუჯეტს მოითხოვს, ამას აქვს სპეციალური განხილვის პროცედურა და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო - რეგლამენტიდან გამომდინარე, ბიუროს გადაწყვეტილების მიხედვით იქნება. სავარაუდოდ, იქნება დაჩქარებული წესით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, როგორსაც განსაზღვრავს ბიურო.
ვფიქრობ, ეს იქნება შემჭიდროებულ ვადაში. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სწრაფად განიხილოს პარლამენტმა გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას სჭირდება თანხების დახარჯვა სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას პარლამენტი ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებს და ბუნებრივია, ვეცდებით საგანგებო ბიუჯეტი ოპერატიულად და სწრაფად დავამტკიცოთ,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, შეიქმნება პაკეტი, რომელიც უმუშევარი ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს. როგორც ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, საჭირო გახდება თანხების გადაჯგუფება, ასევე დახმარების მიღება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. მისივე თქმით, მთავრობა სარეზერვო ფონდების გამოყენებასაც შეძლებს.
„მთავრობამ, როგორც მოგეხსენებათ, წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ერთ მილიარდ ლარამდე მთლიანად მოცულობით თანხებს, მაგრამ დღეს საუბარია მეორე პაკეტზე, ეს არის თანხები, რომელიც შესაძლებელია მოხმარდეს სოციალურ უზრუნველყოფას იმ ადამიანების, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ ან შესაძლებელია მომავალში დარჩენენ უმუშევარი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის, პირველ ყოვლისა, თანხების გადაჯგუფება სოციალური მიმართულებით. ამ თანხების გადაჯგუფება ჩვენ მოგვიწევს სხვადასხვა მუხლებიდან და ასევე, ჩვენ გვჭირდება გარკვეული დახმარებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. ასევე, საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, ითვალისწინებს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დღეს არსებობს მთავრობის მიმართ, მათ შორის არის სარეზერვო ფონდების გამოყენება. ამ თვალსაზრისით იქნება ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში და გამოთავისუფლებული და გადაჯგუფებული თანხები მოხმარდება სოციალურ მიმართულებებს და იმ პაკეტის შექმნას, რომელზეც ამ წუთებში მუშაობს ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა. ჩვენ ველოდებით, რომ როგორც კი დასრულდება ეს მუშაობა ფინანსთა სამინისტროში, წარდგენილი იქნება ეკონომიკური ჯგუფისთვის, მთავრობისთვის და შემდეგ შემოვა პარლამენტში და რამდენადაც შესაძლებელი იქნება სწრაფად მოხდება მისი დამუშავება, წარმოდგენა და დამტკიცება პარლამენტში,“- განაცხადა კოვზანაძემ.