ეროვნული ბანკი რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ავტორიზაციის, აღიარების მისანიჭებლად განაცხადების მიღებას დროებით აჩერებს

საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის მისაღებად, აგრეთვე ავტორიზაციის, აღიარების მისანიჭებლად განაცხადების მიღებას დროებით აჩერებს.

კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად, სესხის გამცემ სუბიექტად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისათვის ნებართვის მისაღებად, ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეტანა 2 თვის ვადით ჩერდება, მიზეზი კი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციაა.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ის განაცხადები, რომლებიც ეროვნულ ბანკში 23 მარტამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად, სესხის გამცემ სუბიექტად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად რეგისტრაციისათვის, ასევე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალისთვის და სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალისთვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებად – საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირებისათვის, აგრეთვე, სპეციალიზებულ დეპოზიტარად ავტორიზაციის/აღიარების მისანიჭებლადაა წარდგენილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.