"ბიზნესიც და მთავრობაც არსებულ ვითარებაში ერთად უნდა დავდგეთ, ერთად დავძლევთ ამ სიტუაციას და ვირუსს"

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია "M2-ის" წარმომადგენელმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებულ ვითარებას და იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას კომპანიამ თანამშრომლების ჯანმრთელობა.

ამასთან, ბურდილაძის თქმით, კომპანია მშენებლობებს არ აჩერებს.

"ჩვენ კომპანიას გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე. ამ გეგმას მივყვებით. მშენებლობებს არ ვაჩერებთ. მიდის სამშენებლო პროცესი ყველა ჩვენს ობიექტზე, მაგრამ მიდის ახალი წესებით. ხდება თანამშრომლების დისტანციური თერმომეტრით შემოწმება, პირბადეებს ვარიგებთ და ვიცავთ იმ ზომებს, რომელსაც გასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჩვენ საკარანტინო ზონებში ფართებს არ ვფლობთ და არც ვაწარმოებთ მშენებლობას იქ. დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ვისაუბრეთ, ჩვენ ვისმჯელეთ არსებულ ვითარებაზე და როგორ უნდა დავიცვათ თანამშრომლების ჯანმრთელობა. ბიზნესიც და მთავრობაც არსებულ ვითარებაში ერთად უნდა დავდგეთ და ერთად დავძლევთ ამ სიტუაციას და ამ ვირუსს. საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად უმკლავდება არსებულ სიტუაციას", - განაცხადა ბურდილაძემ.