„არ-ემ-ჯი ჯგუფის“ წარმომადგენელი - კარანტინის გამო, კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია - სამუშაო ჯგუფი მენეჯმენტთან ერთად, ჩამოაყალიბებს პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, კომპანია გააგრძელებს ოპერირებას

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად შევინარჩუოთ ეკონომიკური დინამიკა და თვეებზე გადავანაწილოთ ის კრიზისი, რაც დღეს ყველა ჩვენგანს დაგვიდგა, - ამის შესახებ „არემჯი ჯგუფის“ წარმომადგენელმა კახა მჭედლიშვილმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, კომპანია „არემჯი“ ოპერირებას გააგრძელებს.

„საკარანტინო მდგომარეობის გამო, ჩვენი კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია. ჩვენ ვოპერირებთ სამ მუნიციპალიტეტში: დმანისი, ბოლნისი და თეთრიწყარო. შესაბამისად, ჩაკეტილი საზღვარი ჩვენს თანამშრომლებს აღარ აძლევს კომპანიაში მოხვედრის საშუალებას. თუმცა, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩვენი კომპანიის მნიშვნელობას ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და დაგვპირდა, რომ უახლოეს ნახევარ საათში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი, ჩვენს მენეჯმენტთან ერთად, ჩამოაყალიბებს იმ ძირითად პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, კომპანია გააგრძელებს ოპერირებას უახლოეს საათებში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური დინამიკა და თვეებზე გადავანაწილოთ ის კრიზისი, რაც დღეს ყველა ჩვენგანს დაგვიდგა ,“ - განაცხადა კახა მჭედლიშვილმა.