პრესის ჯიხურებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეზღუდვები არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული. ეს აკრძალვა 21 აპრილამდე მოქმედებს.
ცნობისთვის, ამავე დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით დასაშვებია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
მთავრობის აღნიშნული დადგენილებით, იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.