საქპატენტი სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებისა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID - 19) მასიური გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, უწყების მიერ ყველა სერვისის მიწოდება როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის განხორციელდება დისტანციურად.

მომხმარებლებს განაცხადებით მომართვა და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლიათ საქპატენტის ვებ გვერდზე არსებული ელექტრონული განაცხადის სისტემის საშუალებით - https://online.sakpatenti.gov.ge/ka/app/login/ ;

საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის სხდომები, საჭიროების შემთხვევაში, გაიმართება დისტანციური კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით; სატელეფონო კონსულტაცია გაიცემა სამუშაო საათებში (9:00-18:00 სთ., ორშაბათი-პარასკევი), შემდეგ ნომერზე: +995 32 225 25 33;

კორესპონდენციის წარმოება მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@sakpatenti.org.ge.

მუშაობის დისტანციური რეჟიმის პირობებში, საქპატენტი შეუფერხებლად აგრძელებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. ყველა მომსახურების მიწოდება მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ თითოეული თანამშრომლის, მთლიანი საზოგადოების უსაფრთხოება და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხის აცილებას", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება