თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე სკამების შესყიდვასა და დამონტაჟებაში 1 მილიონ 311 870 ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქის მერია ამ ფასად 155 სხვადასხვა სახის დასაჯდომ სკამს და ძელსკამს შეისყიდის.
განაცხადების მიღება 16 აპრილს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 5 247 ლარია. გარანტიის ოდენობა 13 119 ლარი, ხოლო მისი მოქმედების ვადა 160 დღეა.
შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ მერია 7 სხვადასხვა ვიზუალის სკამის შესყიდვას გეგმავს. მათი ნაწილი ლითონის, ხის ან ხის შემცვლელი მასალის უნდა იყოს, ნაწილი რეკონსტრუირებული გრანიტის ან მარმარილოს ან ბუნებრივი ქვის, ან მეტალის სხმულისგან და ხის ან ხის შემცვლელი დასაჯდომი ფრაგმენტებისგან შედგებოდეს.
ამავე დოუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პროდუქტი უნდა შეიღებოს გარემო პირობების მიმართ მედეგი, ანტიკოროზიული საღებავით და დაიფაროს პოლიესტერის ფხვნილით, RAL-ის ფერებში არანაკლებ 2 ფენით (შემსყიდველთან შეთანხმებით).
შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან არანაკლებ 3 წელს. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის, წუნის, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში (ქურდობის და ვანდალიზმის ფაქტების გარდა) იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში. დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის გამო, შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან ახლით შეცვლის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
მერიის მოთხოვნის შესაბამისად, შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის მიერ წარმოებული გარე მოხმარების ურბანული სკამები 2017 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა იყოს მიწოდებული ევროკავშირის ქვეყნებში, თითოეული მწარმოებლის შემთხვევაში არანაკლებ 350 000 ლარის ღირებულებთ.
„შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) მიწოდების ვადა, მერიის მოთხოვნების თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 50 კალენდარული დღეა. სკამები უნდა დამონტაჟეს ეტაპობრივად ან ერთჯერადად.
შემოთავაზებულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატ(ებ)ი, რომლ(ებ)იც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს პროდუქციის შემსყიდველისთვის მიწოდებისას. მისაწოდებელი პროდუქციის სპეციფიკაციები, კონკრეტული პოზიციებისათვის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებულ პარამეტრებს.
კონსტრუქცია უნდა დაიფაროს ანტი-ვანდალური საღებავით, რამაც უნდა უზრუნველყოს ფურნიტურის გრაფიტისაგან ან/და სხვა ტიპის საშუალებებით გამოწვეული დაზიანებებისგან დაცვა. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
ანგარიშსწორება განხორციელდება 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.