საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგემილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, თბილისში კომერციული ობიექტი - „ევოლუშენ გეიმინგი“ დახურა. აღნიშნულ კომპანიაში 600-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული. მოგვიანებით ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ზედმიწევნით კარგად იცავდნენ კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებს.
„ევოლუშენ გეიმინგი“ იგივე „ევოლუშენ ჯორჯია“ საქართველოში 2017 წლის მაისში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის მალტაში რეგისტრირებული შპს ევოლუშენ მალტა ჰოლდინგ ლიმიტედი. სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ 2 დირექტორი ჰყავს, მარტინ ოლოფ კარლესუნდი, პალ ჯესპერ ფონ ბაჰრი. ორივე შვედეთის მოქალაქეა.
კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „ევოლუშენ ჯორჯია“ არის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ მთლიანი აქტივები შეადგენს 30,437 მლნ ლარს. ამასთან, 2018 წელს კომპანიის ვალდებულებების მოცულობამ შეადგინა 29 მლნ ლარი, კაპიტალმა კი 1, 118 მლნ ლარი. ამავე ანგარიშგების მიხედვით, „ევოლუშენ ჯორჯიამ“ 2018 წელი 1,054 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „ევოლუშენ ჯორჯიას“ შემოსავალი ეფუძნება კომპანიის მიერ ლაივ კაზინოს მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილ შიდა ხარჯებს და მასზე დამატებულ ტრანსფერების პროცენტს.
Evolution Gaming-ი 2006 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოს 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, კანადაში, ამერიკაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში და ა.შ. კომპანიის სათავო ოფისი შვედეთში მდებარეობს.