„თიბისი ბანკმა“ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

„თიბისი ბანკმა” ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.

ამის შესახებ „თიბისი ბანკიდან“ იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, ფინანსური რესურსი საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებას მოხმარდება.

„მოხარული ვარ, რომ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მოზიდული ფინანსური რესურსით თიბისი ადგილობრივი ბიზნესების უფრო აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. მინდა, მადლობა გადავუხადო ოპეკის ფონდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა „თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდი OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ოპეკის ფონდი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანდაცვა და განათლება.