ანაკლიის სასტუმროებში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, 87 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ანაკლიის სასტუმროებში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, 87 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც ჟურნალისტებს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლია.

„დღეს ჩვენს საკარანტინო სივრცეში, რომელიც მოქმედებს ანაკლიაში, იმყოფება 87 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთს არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ერთი არის მცირეწლოვანი. ძირითადი ნაწილი არის სხვადასხვა რეგიონებიდან, აქედან ცხრა პირი არის მარნეულიდან. მათ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ქალბატონთან, მაგრამ რადგან რეგიონი რისკის შემცველია, გადმოყვანილ იქნენ საკარანტინო სივრცეში“,- აცხადებს ოდიშარია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციას 358 ადამიანი გადის, თვითიზოლაციის პერიოდი მოეხსნა 69-ს, საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს 27 პირი.