კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების მიღება შეწყვიტა.
საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად, მუშაობა შეწყვიტა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთმა ყველაზე მონახულებადმა ძეგლმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა. დაწესებულების ხელძღვანელის, ბადრი გასპაროვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძეგლის მონახულების სურვილს მხოლოდ ერთეული ვიზიტორები გამოთქვამდნენ.
„ბუნებრივია, კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროების გამო, დამთვალიერებელთა კრიზისი ჩვენთანაც შეიმჩნეოდა. ბოლო პერიოდში, რამდენიმე ადგილობრივ და იმ უცხოელ ვიზიტორებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც საზღვრის ჩაკეტვის გამო, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოახერხეს. მუზეუმის დროებით დახურვის შესახებ ბრძანება ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ და ფუნქციონირება 1 აპრილამდე შევაჩერეთ. მუზეუმ-ნაკრძალის მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით, სამუზეუმო ადმინისტრაცია წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით ვმუშაობთ და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას,“ - განაცხადა Gmnews-თან საუბრისას უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.
სხვა მუზეუმებმა ფუნქციონირება 4 მარტს შეწყვიტეს, ღია სივრცეში განთავსებული მუზეუმ-ნაკრძალები კი, ვიზიტორების მიღებას დღემდე აგრძელებდნენ.