ჩინეთის ხელისუფლება ხუბეის პროვინციაში დაწესებულ კარანტინს 25 მარტიდან აუქმებს. უხანში კი, რომელიც კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წყარო გახდა, შეზღუდვები 8 აპრილს მოიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია რეგიონში ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე.
“25 მარტის 00:00 საათიდან ქალაქ უხანის გარდა, ხუბეის პროვინციაში გზებზე შეზღუდვები მოიხსნება. ადამიანები, რომლებიც ხუბეის პროვინციას დატოვებენ, გადაადგილებას ე.წ. ჯანმრთელობის კოდის საფუძველზე შეძლებენ. 8 აპრილის 00:00 საათიდან შეზღუდვა ქალაქ უხანშიც მოიხსნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უხანსა და ხუბეის პროვინციაში კარანტინი 23 იანვარს დაწესდა.