ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება.
აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას ეპიდემიოლოგების მიერ ნაკარნახევი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ დღეს საქართველოში 2 ტიპის რეჟიმი გვაქვს. ერთი რეჟიმი ეს არის მკაცრი კანატინი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და უფრო მსუბუქი რეჟიმი, რომელიც მოქმედებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიზე. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - არა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, არამედ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დღესდღეობით ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება, შეზღუდვა არ ეხება საწარმოებს, სხვადასხვა მომსახურების სფეროს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მშენებლობას და ბევრ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას. უბრალოდ, მთავარია დავიცვათ ეპიდემიოლოგების მიერ ნაკარნახევი წესები, რაზეც ასევე ძალიან დეტალური განმარტება გაკეთდა და დარგობრივ გაიდლაინებსაც ვამზადებთ ამ დღეებში და მივაწვდით სხვადასხვა დარგის საწარმოებს და ბიზნესასოციაციებს“, - განაცხადა თურნავამ.