პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სურსათის მწარმოებელი გადამამუშავებელი ობიექტებისთვის შემუშავებული ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.
„სურსათის მწარმოებელი გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულები არიან, სურსათის ნებისმიერ სახით გადამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები, პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი. პერსონალმა ხშირად თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით ხელების გამშრალების შემდეგ ხელები დაიმუშაონ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით. უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით გამოიყენონ ყველა სადენქიფეციო საშუალება. სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ეხება იმ ობიექტებს, რომლებიც მუშაობენ სურსათის წარმოებაზე”, - განაცხადა ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისთვის შემუშავებულ ვალდებულებებზეც ისაუბრა.
„მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულები არიან, პერსონალი აღჭურვონ პირბადით და ხელთათმანით. სურსათი მოათავსონ ერთჯერად კონტეინერში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან ყველა ტემპერატურული რეჟიმი”, - აღნიშნა ჩიქოვანმა.