ობიექტები, რომლებიც  საგანგებო მდგომარეობის გამო დახურულია, მუშაობის თვითნებურად განახლების შემთხვევაში, დაჯარიმდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ობიექტებზე, რომლებიც დახურულია საგანგებო მდგომარეობის გამო და თვითნებურად განახლებენ მუშაობას, გათვალისწინებულია ჯარიმები.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

„ძალიან მკაცრი კონტროლია განსაკუთრებით ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ამ კონტროლს ახორციელებენ გაერთიანებული ჯგუფები ჩვენი ეპიდემიოლოგების და ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით. იქ არის უფრო მკაცრი აკრძალვის რეჟიმი და ის წარმოებები და ის ობიექტები, რომლებიც არ შედის საგამონაკლისო ჩამონათვალში, არ არის დაკავშირებული კვების მიწოდებასთან, ელექტროენერგიის, გაზის და საწვავის მიწოდებასთან და მათი საქმიანობა არის დახურულ სივრცეში, ასეთი საქმიანობა დროებით არის შეჩერებული და თვითნებურად ამუშავების შემთხვევაში, იქნება გარკვეული ჯარიმების სისტემა გათვალისწინებული. დანარჩენ საქართველოში ასეთი ობიექტების ჩამონათვალი არის არც თუ ისე დიდი, აქაც არის გათვალისწინებული ჯარიმები და ამასაც ჩვენ ვაკონტროლებთ“, - განაცხადა თურნავამ.