ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როდესაც კარანტინის პერიოდი დასრულდება, ყველა იმ სასტუმროს სრული დეზინფენქცია მოხდება, რომლებსაც ახლა კარანტინისთვის იყენებენ.
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ სასტუმროებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. “დაახლოებით 50-მდე სასტუმროა დღეს ჩართული ამ პროგრამაში და ეს მაჩვენებელი იზრდება და იცვლება. ეს ხდება სასტუმროებთან ურთიერთშეთანხმებით, ძალიან კარგად გვეთანამშრომლებიან და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ კიდევ ერთხელ. ყველა წესი არის მკაცრად დაცული, ხდება ხშირი დეზინფექცია და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც დასრულდება კარანტინის პირიოდი, ამ სასტუმროების სრული დეზინფექცია მოხდება. აქედან გამომდინარე, აქ რისკი დასნეულების არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ის, რომ ჩვეულ რეჟიმში დაგვეტოვებინა ეს სასტუმროები ფუნქციონირებაში იმიტომ, რომ დაკვირვებაა ყოველდღიური იმ ადამიანებზე, ვინც გადის კარანტინს. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა ჯანმრთელია და შემდეგ ჩვეულებრივად ტოვებენ სასტუმროებს”, - განაცხადა მინისტრმა.