ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ტექმომსახურების სერვისები მოემსახურება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, შესაძლოა თუ არა პრობლემები შეექმნათ და დაჯარიმდნენ ის მძღოლები, რომლებმაც ავტომობილის სავალდებულო შემოწმება ვერ გაიარეს, რადგან შესაბამის ნაწილებს ვერ პოულობენ, ნათია თურნავამ უპასუხა: „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე რომ, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“.