ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 10 000 საქართველოში წარმოებული პირბადე გაიგზავნა და დღის ბოლომდე 50 000-მდე პირბადე კიდევ გაიგზავნება და დაურიგდება იქ მომუშავე ადამიანებს. როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შესაძლოა ამ ორ მუნიციპალიტეტებში პირბადეები მოსახლეობასაც დაურიგდეს.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კატეგორიები, რომლებიც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. მაგალითად, მეტროპოლიტენის თანამშრომლები მნიშვნელოვანი კატეგორიაა, ასევე სასურსათო მარკეტებში დასაქმებული მოლარე-კონსულტანტები და თანდათან ეს წრე გაფართოვდება“,-აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, პირბადის საწარმოებლად საჭირო ნედლეული მიწოდება დოზირებულია, თუმცა ნედლეულის უწყვეტი მიწოდების პირობაში ქართული პირბადე გასაყიდადაც გამოჩნდება ბაზარზე.
„ეს ისეთი წარმოებაა, რომელიც აქამდე არ გაგვაჩნდა, რადგან არ იყო საჭიროება, ამიტომ ვიდრე წარმოება მასობრივად არ აეწყობა, რაოდენობა შეზღუდულია. ათამდე სამკერვალო საწარმო პროცესში ეტაპობრივად ერთვება, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეზარდა კერვის მასშტაბი და ტემპი. თავიდან თუ იყო 20 000 პირბადე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შეიძლება დღე-ღამეში 70 000 პირბადემდე ავიდეთ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ნედლეულის მოწოდების საკითხი საფრთხილო და სერიოზულად სამუშაოა. კარგია ის, რომ ჩვენ უკვე დავამყარეთ გრძელვადიანი საკონტრაქტო კავშირები საწარმოსთან საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიც ნედლეულს მოგვაწვდის. ამის საფუძველზე გავზრდით პირბადეების ყოველდღიურ წარმოებას“,-აღნიშნა მინისტრმა.