ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ზრუნავს და მომავალშიც იზრუნებს იმაზე, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე შერბილებული იყოს.
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო ლარი სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურების დინამიკას აყვა.
„გლობალური ეკონომიკური კრიზისია იმიტომ, რომ გლობალური გამოწვევაა კორონავირუსი. პირველი ამ ვითარებამ ეკონომიკას დაარტყა. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში და ბევრი სხვა ქვეყანაც რომ ავიღოთ, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება და უპასუხისმგებლოც იმის მტკიცება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ ამას ვერ შევძლებდით და ბუნებრივა, ლარიც აყვა ამ საერთო დინამიკას და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება გაუფასურება სხვადასხვა ეროვნული ვალუტების, რადგან შეწყდა ვაჭრობა, ტურიზმი, არანორმალური ვითარებაა, ეს აისახა ლარის კურსზეც. რაც ჩვენ შეგვიძლია და ვაკეთებთ, ეს არის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შერბილება. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ჩვენ შევარჩიეთ 9 სხვადასხვა დასახელების სასურსათო საქონელი, რომლის ფასების ზრდა გადაზღვეული გვაქვს და არ ხდება. ამას ჩვენ ვამონიტორინგებთ. ლარის გაუფასურება არ აისახება ამ საქონელზე და მის ფასებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ეს ჩამონათვალი გავზარდოთ 100-ზე და 200 დასახელებაზე, რადგან ეს სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ შევარჩიეთ 9 პირველადი მნიშვნელობის სასურსათო საქონელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს სასურსათო კალათაში და მათი ფასები არ გაიზრდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა იმპორტიორებს მოუწოდა, ნუ იჩქარებენ რაღაც განცხადებების გაკეთებას და ნუ შექმნიან იმაზე მეტ ნეგატიური მოლოდინებს, ვიდრე შექმნილია ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე.
„ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკიც პერიოდულად სხვადსახვა ღონისძიებებს ატარებს და მათ შორის სოლიდური ინტერვენციაც განხორციელდა დოლარის ბაზარზე. რთულია, რომ ეს დინამიკა უკან წამოვიყვანოთ, დავუბრუნოთ ერთი ან ორი თვის წინანდელ ნიშნულს. გახსოვთ, რამდენად ჯანსაღად იქცეოდა ლარი მაშინ. გარკვეულ შემაკავებელ ეფექტს ეროვნული ბანკის სტრატეგია იქონიებს და ზრდის ტემპი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე იქნებოდა ამის გარეშე. ჩვენ მომავალშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე იყოს შერბილებული. ამიტომ იმპორტიორებს მოვუწოდებ, ნუ იჩქარებთ რაღაც განცხადებების გაკეთებას, რადგან არ შევქმნათ იმაზე მეტი ნეგატიური მოლოდინები, ვიდრე შექმნილია ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, რომ არ მუშაობს ტურიზმი, ექსპორტია გართულებული, მაგრამ ამის ზევით არის წმინდა წყლის ნეგატიური მოლოდინების ესკალაცია და ამაში თავის შენატანს ნუ გააკეთებენ. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი დავინახეთ, რაღაც რისკი ექმნება პირველადი აუცილებლობის და მოხმარების საქონელს, სასურსათო საქონელს, სასურსათო კალათას, ჩვენ ამის შერბილებას მოვახდენთ. აქედან გამომდინარე, ყველა მინდა იყოს მშვიდად“, - განაცხადა თურნავამ.