ინტერნეტის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ევროპის ქვეყნებში Facebook-მა და Youtube-მა ვიდეოებზე HD ხარისხი გათიშეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება პლატფორმებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ცნობა, რომ მოთხოვნის მკვეთრად გაზრდის გამო ევროპაში შესაძლოა ინტერნეტის მიწოდება შეწყვეტილიყო.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა პლატფორმებსა და სატელევიზიო არხებს ხარისხის შემცირებისკენ მოუწოდეს.
Youtube-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, პლატფორმაზე ვიდეოების ნახვა ამ დროისთვის მხოლოდ საშუალო ხარისხითაა (480p) დასაშვები.
Facebook-ისა და Youtube-ის გარდა მსგავსი ზომები მიიღეს Amazon-მა, Apple TV+-მ , Disney+-მა და Netflix-მა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ევროპის კონტინენტზე გავრცელებისა და ათასობით ადამიანის დაინფიცირების შემდეგ მილიონობით ადამიანი სახლიდან გასვლისგან თავს იკავებს და ინტერნეტში გაცილებით მეტ დროს ატარებს, რის გამოც კონტინენტზე ქსელის გათიშვის საფრთხე გაჩნდა.