ანა დოლიძე, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” და სამოქალაქო ორგანიზაციების - „ჩვენი ხმა“, „პროგრესის ცენტრი“ და „დევნილთა ასოციაცია ჩვენი მშვიდობისთვის“ - ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას რეკომენდაციათა პაკეტით მიმართავენ. იმ ეგზოგენური შოკების შესამცირებლად, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ იქნება. სწორედ ამიტომ, მთავრობას ანტიკრიზისულ პაკეტს ვთავაზობთ, რომელიც ქართულ ეკონომიკას, კერძო სექტორს და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გლობალური კრიზისის დაძლევაში, რომელიც მოქმედებს ქართულ ეკონომიკაზე.
1) უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს იმ ადამიანების ფინანსური დახმარება ვინც კორონავირუსის მიერ შექმნილი პრობლემების გამო უმუშევრები დარჩნენ. შესაბამისად, უნდა მოხერხდეს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების დაზოგვა (2-3 პუნქტებში სწორედ ამ თანხებზეა საუბარი) და მისი განაწილება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებზე, რათა ქვეყანაში არ მივიღოთ სოციალური აფეთქება. ამავდროულად, თუ ეს თანხები არ იქნება საკმარისი უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად, საერთაშორისო გრანტებიდან მიღებული თანხების ნაწილი უნდა მოხმარდეს ამ პრობლემის მოგვარებას.
უმუშევართა კომპენსაცია უნდა მოხდეს „სამკუთხედის პრინციპით - ბრიტანული მოდელით“, ანუ 80%+20% - საიდანც 80% იხდის სახელმწიფო, ხოლო 20% ბიზნესი. კომპენსაცია შეეხება 1000 ლარამდე ანაზღაურების მქონე მოქალაქეებს, კომპენსაციის მაქსიმალური თანხა შეადგენს 500 ლარს, ხოლო ანაზღაურება მოხდება 3 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი). იმ შემთხვევაში თუ ბიზნესის წარმომადგენლები უარს განაცხადებენ დასაქმებულისთვის 20%-ის გადახდაზე, დასაქმებული მაინც მიიღებს მისი შემოსავლის 80%-ს.
ბიზნესის წარმომადგენლები ვინც ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში, სიტუაციის დასტაბილურების შემდგომ, სახელმწიფოსგან მიიღებენ უპირატესობებს. კერძოდ, თითოეული მათგანი მოხვდება ე.წ. ”თეთრ სიაში”, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა საშეღავათო პროცენტის სუბსიდირებაზე იმ ბიზნესებთან მიმართებაში, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, აღნიშნული სუბსიდიის დაბალანსება შესაძლებელია მოხდეს იმ საგარეო დახმარებით, რომლის გამოყოფაზეც რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუბარი უკვე დაწყებულია და მზაობაც არსებობს, რომ ქვეყანას გამოეყოს ფულადი სახსრები კრიზისის დასაძლევად.
2) უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება უნდა განხორციელდეს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების შედეგად - უფრო კონკრეტულად, უნდა შემცირდეს პრემია-დანამატები, საწვავისა და სამივლინებო ხარჯები. ანუ, დროებით უნდა შეჩერდეს სახელმწიფო უწყებებში, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პრემია-დანამატების დარიცხვა და გამოთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების კომპენსაციას.
ეს საკითხი უნდა შეეხოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს გარდა.
3) ზემოხსენებული კრიზისიდან გამომდინარე, საშუალო ვადიან პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება კერძო სექტორში და სახელმწიფოში რაც შეიძლება მეტი თანხის დატოვება. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილი იქნება საპენსიო სააგენტოში თანხების აკუმულირების შეჩერება 3 თვის ვადით. რაც, როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოს დაუზოგავს დაახლოებით 60-60 მილიონ ლარს.
შედეგად, სახელმწიფოს მიერ დაზოგილი 60 მილიონი მოხმარდება უმუშევრად დარჩენილი ადამიანების კომპენსაციას. ხოლო კრიზისულ ვითარებაში მყოფ ბიზნესს გამოუთავისუფლდება 60 მილიონი ლარი, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
4) არსებულ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივაა, რომ სახელმწიფომ მოახდინოს საწავავის ვაუჩერების დარიგება მცირემიწიანი (20 ჰექტრამდე ფართობი) ფერმერებისთვის, რათა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიაროს.
გარდა ამისა, უნდა გამარტივდეს პირობები პროექტში ”დანერგე მომავალი”, რათა სოფლად მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ მარტივად მოახერხოს მასში მონაწილეობის მიღება და სანერგე მეურნეობების შექმნა ქვეყანაში. ზემოხსენებული ვაუჩერებისთვის და პროექტის ”დანერგე მომავალი” გაფართოებისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოიყოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რომლის მოცულობაც 40 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია ამ თანხის გაზრდა მშპ-ს 5%-მდე.
5) გასულ კვირას, გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მთავრობა მზაობას გამოთქვამს იმპორტიორებს დაუსუბსიდიროს კურსთა შორის სხვაობა, რათა ფასების მატება შეაჩეროს. აღნიშნულ გადაწყვეტილება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, იმდენად, რამდენადაც ის სრულიად არის ამოვარდნილი თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან და რაც მთავარია, მას არ ექნება რეალური შედეგი და ვერ შეამცირებს ფასების დონიდან წამოსულ, სოციალურ წნეხს.
ამ პროექტის ნაცვლად, სამოქალაქო კოალიცია მოუწოდებს მონეტარულ და ფისკალურ ხელისუფლებებს აქცენტი გააკეთონ ხისტ მონეტარულ პოლიტიკაზე. რათა, მოხერხდეს მოკლევადიან პერსპექტივაში ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების შეჩერება და მისგან წამოსული წნეხის შერბილება ფასების საერთო დონეზე.
ამის მიღწევა მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით ცხადია შეუძლებელი იქნება, სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, ინტერვენციების პარალელურად შეამციროს დარეზერვების ნორმა უცხოურ ვალუტაში. რაც გამოათავისუფლებს ბაზარზე უცხოურ ვალუტას და მეტ-ნაკლებად დააბალანსებს უცხოური ვალუტის შემოდინების დეფიციტს. ამის პარალელურად, მიზანშეწონილად მიგვაჩიანი რეფინანსირების განაკვეთის ზრდასაც, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დაეხმარება ფასების დონის მართვაში ეროვნულ ბანკს. ამისათვის მნიშვნელოვანია არაგეგმიური მონეტარული სხდომის გამართვასაც.